მუხლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია როგორც ახალგაზრდა, ისე საშუალო თუ უფროსი ასაკის ადამიანებში. ზოგისთვის ის იწყება ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, ხანდახან – ხანგრძლივი სიარულით ან კიბეებზე ასვლით, სხვებისთვის კი თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ტკივილის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს გადატვირთვა, უეცარი ტრავმა ან ქრონიკული პროცესი, როგორიცაა ოსტეოართროზი. სწორი შეფასება ნიშნავს არა მხოლოდ ტკივილის მოხსნას, არამედ მისი გამომწვევი მიზეზის პოვნასაც, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და მისი ქრონიკულ ფორმად ქცევა.
რა არის მუხლის ტკივილის მთავარი მიზეზები?
ოსტეოართროზი – ხრტილის ცვეთა და ბიომექანიკის დარღვევა
ეს არის ქრონიკული დეგენერაციული მდგომარეობა, როცა სახსრის ხრტილი თანდათან თხელდება და კარგავს ელასტიკურობას. შედეგად მოძრაობა აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც ადრე, წამოდგომისას და სიარულისას ჩნდება ჩხვლეტა ან მძიმე დისკომფორტი. დროთა განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს სხვა შეზღუდვებიც: კიბეებზე ასვლისას დისკომფორტი, მცირედი დატვირთვის შემდეგ დაღლა და სიმხურვალის შეგრძნება სახსრის მიდამოში.
ტრავმა – მყესების, მენისკის ან იოგების დაზიანება
სპორტული აქტივობის, ფეხის მოუხერხებელი მოქნევის ან პირდაპირი დარტყმის ფონზე მუხლი ხშირად ზიანდება. დაზიანება შეიძლება შეეხოს მენისკს, წინა იოგს ან პერიფერიულ მყესებს. ასეთ დროს ტკივილი მკვეთრად იწყება, ხშირია შეშუპება, სიმხურვალის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა. ზოგჯერ მუხლი თითქოს „იჭედება“ ან სახსარი არამყარი ხდება, რაც მიუთითებს სტრუქტურულ დაზიანებაზე.
ზედმეტი დატვირთვა და ჭარბი წონის გავლენა
როცა მუხლზე მექანიკური დატვირთვა სისტემატურად ჭარბია – ინტენსიური ვარჯიში, ხანგრძლივი დგომა/სიარული, სამუშაოს სპეციფიკა ან ჭარბი წონა – სახსრის შემადგენელი სტრუქტურები ვეღარ ასწრებს აღდგენას. ტკივილი იმატებს ნელ-ნელა, დღეების ან კვირების განმავლობაში, ხშირად ძლიერი ხდება დღის ბოლოს და სუსტდება დასვენების შემდეგ. გადატვირთვის შემთხვევაში კორექცია დროულად თუ არ მოხდა, მდგომარეობა შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ტენდინოპათიაში ან ოსტეოართროზის რისკი წარმოიშვას.
როგორ განვასხვავოთ მიზეზები?
ოსტეოართროზი: ტკივილი უმეტესად ჩნდება მოძრაობისას (სეირნობა, კიბეებზე ასვლა) და მცირდება დასვენებისას. დილით იგრძნობა მცირე დისკომფორტი, რაც მოძრაობის დაწყების შემდეგ მალევე გადადის. ხანგრძლივ პერიოდში შეინიშნება მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება და პერიოდული „ძვლების კრაჭუნი“.
ტრავმა: სიმპტომები იწყება უეცრად, კონკრეტული მოვლენის შემდეგ. ტკივილი მკვეთრია, სწრაფად ჩნდება შეშუპება, ზოგჯერ – სისხლჩაქცევაც. მოძრაობა მტკივნეულია, მუხლში კი შეიძლება არასტაბილურობასაც კი გრძნობდეთ, თითქოს სახსარი მყარად არ ზის.
გადატვირთვა: ტკივილი პროგრესირებს ნელა, დილაობით იკლებს, საღამოს კი ძლიერდება. ხშირია ტკივილი საფეხურებზე ასვლისას, ხტუნვისას ან ვარჯიშის ბოლო ნაწილში. დასვენება და დატვირთვის შემცირება მკვეთრად ამსუბუქებს დისკომფორტს.
თუ სიმპტომები გეცნობათ, განურჩევლად იმისა, რომელ კატეგორიაშია ის, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. შესაძლოა, საქმე გვქონდეს რამდენიმე პრობლემასთან, რასაც პროფესიონალური მოვლა და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.
როგორ ხდება თითოეული პრობლემის დიაგნოსტიკა?
ზუსტი მიზეზის დასადგენად ექიმი აფასებს თქვენი ცხოვრების წესს, დატვირთვის რეჟიმს და სიმპტომების განვითარებას – როდის დაიწყო მუხლის ტკივილი, რა აძლიერებს ან ამცირებს მას. ფიზიკური გამოკვლევა მოიცავს მოძრაობის დიაპაზონის შეფასებას, სტაბილურობის ტესტებს და მტკივნეული უბნების პალპაციას.
როგორ წესი, საჭიროა ვიზუალური კვლევებიც. რენტგენის გადაღება დაგვეხმარება სახსრის სივრცის შევიწროების, ძვლოვანი წარმონაქმნების (ოსტეოფიტების) და დეგენერაციული ცვლილებების გამოვლენაში, რაც მნიშვნელოვანია ოსტეოართროზის დადასტურებისთვის. რბილი ქსოვილების (მყესები, იოგები, მენისკები) შეფასებისთვის კი ხშირად ინიშნება ულტრაბგერა ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
სწორი კომბინაცია ექიმს აძლევს სრულ სურათს დაზიანების ტიპისა და ხარისხის შესახებ და განსაზღვრავს მკურნალობის ოპტიმალურ გეგმასაც.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება, ფუნქციის აღდგენა და პრობლემის განმეორების პრევენცია. მიდგომა კი ყოველთვისმიზეზზეა მორგებული:
თუკი დაგიდგინდათ ოსტეოართროზი, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ლოკალურ გელებსა და ტკივილგამაყუჩებლებს. დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია, კუნთების გამაგრება (ქვედა კიდურის, ბარძაყ-წვივის სტაბილიზატორები), ბიომექანიკის კორექცია და სახსარზე დატვირთვის ოპტიმიზაცია. ზოგიერთ შემთხვევაში განიხილება ინექციური თერაპია. წონის მართვა და ყოველდღიური აქტივობის სწორად დაგეგმვა ასევე ამცირებს პროგრესირების რისკს.
თუკი პრობლემა ტრავმულია, საწყის ეტაპზე ეფექტურია RICE-პროტოკოლი (დასვენება, ყინული, კომპრესია, აწევა), შემდგომ – მიზნობრივი რეაბილიტაცია ფიზიოთერაპევტთან, რათა აღდგეს ძალა, სტაბილურობა და პროპრიოცეფცია. სერიოზული ლიგამენტური ან მენისკის დაზიანებისას შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რასაც აუცილებლად წინ უსწრებს სიღრმისეული ვიზუალიზაცია და ორთოპედის კონსულტაცია.
ხოლო, თუ დიაგნოზი არის გადატვირთვა, ძირითადი ნაბიჯია დატვირთვის შემცირება, მოცულობისა და ინტენსივობის ეტაპობრივი ცვლილება. ამ პროცესში შეიძლება დაგეხმაროთ ლოკალური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შესაბამისი ფეხსაცმელი და მექანიკური სტრესის შემცირებისთვის სხვადასხვა გზები.
პრევენცია კი ძირითადად ეფუძნება სამ საყრდენს ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში:
- დატვირთვის მართვა;
- კუნთოვანი ბალანსი – ბარძაყის წინა/უკანა ჯგუფების, დუნდულა და კორპუსის სტაბილიზატორების გაძლიერება;
- წონის კონტროლი და ტექნიკა – დაჯდომა-წამოდგომის, კიბეზე ასვლის, სირბილის ან სპორტის სწორი ბიომექანიკა.






























