ლიმფური კვანძები და მათი მნიშვნელობა

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ორგანიზმში ლიმფურ კვანძებს. რა ხდება მათი ზომის ცვლილების დროს და როგორ მკურნალობენ? ვის უნდა მიმართოთ?

ლიმფური კვანძები (და არა ჯირკვლები! ჯირკვალი თავისებური სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე სრულიად განსხვავებული ორგანოა) ლიმფური სისტემის პერიფერიული ორგანოა. ისინი ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ასრულებს ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას. ლიმფური კვანძები ორგანიზმის ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვებით მოსული ლიმფა მათში ნელა გაედინება, იწმინდება უცხო სხეულაკებისაგან მაკროფაგების (დიდი მშანთქავი უჯრედების) დახმარებით და მდიდრდება ანტისხეულებით. ამ უკანასკნელის პროდუცირებას ახდენს პლაზმური უჯრედები. ლიმფას ლიმფურ კვანძებში მოაქვს უცხო ანტიგენები, რაც იწვევს იმუნური პასუხის განვითარებას კვანძებში. ამ უნარის გამო ლიმფური კვანძები ბარიერია როგორც ინფექციის, ასევე სიმსივნური უჯრედებისათვის. ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები – დამცველი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში.

ადამიანის ორგანიზმი ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფს შეიცავს. ლიმფური კვანძები ჯგუფურადაა განთავსებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მიმდებარე, კერძოდ, მომხრელ ზედაპირზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა. კისრის ლიმფური კვანძები უზრუნველყოფს თავისა და კისრის არეში განთავსებული ორგანოების დაცვას ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისაგან. ლიმფური კვანძები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი გულმკერდისა და მუცლის ღრუებში. გამჭოლი ლიმფური კაპილარებით ხასიათდება არა მხოლოდ ზედაპირული ქსოვილები, არამედ შინაგანი ორგანოებიც. ლიმფური კვანძები, რომლებიც სისხლძარღვთა გასწვრივაა განთავსებული, იმავე ფუნქციას ასრულებს.

ლიმფური კვანძების გადიდება

ლიმფური კვანძის გადიდება „მის მიერ კონტროლირებად ზონაში“ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უხშირესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი – სიმსივნური.

საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს! მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების,ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს. იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია.

Facebook კომენტარები