საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ნოემბერს ხელმოწერილ დადგენილებაში დამატებული მე-5 და მე-11 პუნქტები სკოლის მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებისა და სოციალური დაცვის სააგენტოს ერთობლივი სამუშაოების ნაწილს ეხება.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა.
ახალი დამატების საფუძველზე, მანდატურის სამსახური გათვალისწინებული ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში რეგულარულად აწარმოებს ზედამხედველობას ბავშვზე, რომელსაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი , კომპეტენციის ფარგლებში, უწევს მომსახურებას.
სააგენტო ვალდებულია, მანდატურის სამსახურს, დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებებისა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ. მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა) ბავშვის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს
ბ) სკოლის დასახელებას, კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს
გ) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას
დ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას
ე) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს
ვ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას
ზ) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ.
სააგენტო და მანდატურის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ მუშაობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაზე, თუ:
ა) სააგენტოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და საჭიროა დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება
ბ) ბავშვი არის სააგენტოს მომსახურების მიმღები, მაგრამ სკოლიდან გადამისამართებულია მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრშიც
გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მომსახურების მიწოდების პროცესში გამოიკვეთა სააგენტოს ჩართულობის საჭიროება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით.
ცვლილების თანახმად, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, მანდატურის სამსახურისა და სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება ბავშვის შემთხვევის განხილვა თუ: ბავშვი ძალადობის/სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია; შემთხვევა საჭიროებს ორივე უწყების კოორდინირებულ მუშაობას, როგორც შემავსებელი მომსახურების; ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის მოქმედებას ოჯახის წევრ ბავშვებს შორის; სააგენტოსა და მანდატურის სამსახურის სპეციალისტებს (ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი/ფსიქიატრი) სჭირდებათ ერთმანეთთან კონსულტაციის გავლა.
შემთხვევის ერთობლივი განხილვის დროს სააგენტო და მანდატურის სამსახური უფლებამოსილნი არიან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, ჩართონ სხვა უწყების წარმომადგენლები.
სააგენტოსა და მანდატურის სამსახურის მიერ შემთხვევის ერთობლივი განხილვა (ქეის-კონფერენცია) იმართება საფუძვლის იდენტიფიცირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, ერთი შემთხვევის ერთობლივი განხილვა (ქეის-კონფერენცია) შესაძლებელია, განხორციელდეს რამდენჯერმე.
ერთობლივი მუშაობისას მიღებული ინფორმაცია და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და არ დაიშვება მისი გასაჯაროება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
შემთხვევის ერთობლივი განხილვის (ქეის-კონფერენცია) შემდგომ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმის შედგენასა და შენახვას ახდენს შემთხვევის ერთობლივი განხილვის (ქეის-კონფერენცია) ინიციატორი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს მეორე უწყებისათვის ოქმის ასლის მიწოდებას, ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.