ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული გზები
ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.
სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას.
მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:
ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;
ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.
პირს, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შეუძლია ექსტერნატის წესით.
ექსტერნს უფლება აქვს მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევის შემთხვევაში.
ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო-საშუალო საფეხურებზე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით.
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს განსაზღვრავენ და იყენებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.