მოიმარაგეთ სახლში კამა და აფთიაქში წასვლა აღარ მოგიწევთ. მას საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს

კამა ერთწლოვანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს, ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს.

გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

კამას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს:

  • ბაქტერიოციდული – აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი – აადვილებს სისხლის მიწოდებას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსთან;
  • ჰიპოტენზიური – აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;
  • შარდმდენი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;
  • ანთების საწინააღმდეგო – ხელს უწყობს ყოველგვარ ანთების ჩაცხრომას;
  • სედაციური – აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს;
  • ნაღველმდენი – აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;
  • საფაღარათო – აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;

საშარდე გზების დაავადებების (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეტიტი, თირკმელკენჭოვანი დაავადება) დროს ნაყენს იღებენ 5-6-ჯერ დღეში, 30-50 მილილიტრის ოდენობით. როგორც შარდმდენს, მას სვამენ ნახევარ ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, ასევე, როგორც ამოსახველებელი და დამამშვიდებელი საშუალება, ძალიან კარგია მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) დროს;

თუ უძილობა გაწუხებთ, ერთ სუფრის კოვზ კამის გამხმარ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ;

ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ 1 ჩაის კოვზი კამის მწიფე გამომშრალი ნაყოფი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიღებული სითხე თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით.

Facebook კომენტარები