ნებისმიერი ქალი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. თუ მამაკაცს ვკითხავთ, „რას აქცევთ ქალის დანახვისას ყურადღებას პირველ რიგში?“, მათ ნახევარზე მეტი გვიპასუხებს – „მის თმას!“
დღეს თმის გამაგრება, მისი აკურატულად და მოვლილად შენარჩუნება პრობლემა აღარ არის. ამ სფეროს ტექნოლოგიების განვითარება კი არა მხოლოდ თმის ხარისხიანად მოვლის,არამედ დაზიანებული თმის აღდგენის საშუალებასაც იძლევა.თმის სტრუქტურისა და გარეგნული იერის ცვლილება განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებლებს ემჩნევათ. თმისთვის სარეკლამო სახის მისაღებად შეიძლება არაერთხელ შევიღებოთ,გამოვიცვალოთ შამპუნი,წავისვათ ათასნაირი ნიღაბი,მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღოთ.
თუ ყველა ის ხერხი, რაც აქამდე გამოგიყენებიათ,ამოწურეთ და თქვენი თმით მაინც უკმაყოფილო ხართ, დროა პარიკმახერული ხელოვნების სფეროში გაჩენილ ახალ ტექნოლოგიებს მიმართოთ.ეს მაცდური ტერმინები –მომინანქრება,ელუმინირება,ეკრანირება და უფრო ცნობილი ცნებები – ლამინირება და ბიოლამინირება – თმის გამაგრების სწორედ ის ახალი მეთოდებია, რომლის მეშვეობითაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში შესაძლებელია თმის მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა და გაუმჯობესება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თმის გარეგნული იერი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე მეტყველებს. თმების გასაძლიერებლად უნდა მიიღოთ მეტი ვიტამინები და ცილების შემცველი პროდუქტები.მომინანქრების პროცედურა გულისხმობს თმის დაფარვას მინანქრის ფენით, რომელშიც შედის მკვებავი ნივთიერებები, უფერო ან ფერადი პიგმენტები, რაც თმას ბრწყინვალებასა და ჯანსაღ იერს ანიჭებს.
ელუმინირების ტექნოლოგია გულისხმობს თმის შეღებვას არატუტოვანი პრეპარატებით,რაც დადებითი და უარყოფითი ნაწილაკების ერთმანეთისკენ მიზიდულობაზეა დამყარებული და შედეგად თმას დამცავი საფარი ეკვრება.ეკრანირებისას კი თმის სტრუქტურა მკვებავი და დამარბილებელი ნივთიერების ზემოქმედებით ინტენსიურად აღდგება და მაგრდება.
დღეს თმის გამაგრების ყველაზე გავრცელებული მეთოდები ლამინირება და ბიოლამინირებაა. ეს ტექნოლოგიები თმის ღეროს მკვებავი, მსუნთქავი მემბრანით დაფარვას გულისხმობს, რაც თმას დამატებით ბრწყინვალებას და სისქეს მატებს, ასევე შეღებილ თმას ფერის სწრაფი დაკარგვისგან იცავს.
ამ პროცედურების ტექნოლოგია იდენტურია და ერთმანეთისგან უმთავრესად გამოყენებული ნივთიერებების შემადგენლობით და მოსალოდნელი შედეგით განსხვავდება. თუ თმა ძალიან ძლიერადაა დაზიანებული, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ერთი და იგივე მეთოდი არანაკლებ სამჯერ გამოვიყენოთ. გამოცდილი სპეციალისტის ხელში კი შედეგი არაჩვეულებრივი იქნება.